წესდება

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი წ ე ს დ ე ბ ა (ახალი რედაქცია)

მუხლი N1

ზოგადი დებულებები

   1.1.   საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი (შემდგომში: ,,პროფესიული კავშირი“) არის საერთო საქმიანობით და პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ ტრანსპორტისა და გზების წარმოება-დაწესებულებებში, მონათესავე სფეროს ორგანიზაციებში დასაქმებულებს და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კანონების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებულ კონვენციებისა და რეკომენდაციების, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

 

1.2. პროფესიული კავშირი პრიორიტეტულად აღიარებს ადამიანის უფლებას სოციალურ სამართლიანობაზე, შრომასა და დასაქმებაზე, შრომის ღირსეულ ანაზღაურებაზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე.

1.3. პროფესიული კავშირის საქმიანობა ემყარება დემოკრატიულ პრინციპებს – არჩევითობას ქვემოდან ზემოთ, პროფორგანოების მუშაობის საჯაროობას, კოლექტიურობას და რეგულარულ ანგარიშგებას პროფკავშირის წევრების წინაშე. მიღებული დადგენილებებისა და დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მოქმედების ერთიანობას.

1.4. პროფესიული კავშირი, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მოქმედებს   სახელმწიფო, სამეურნეო ორგანოების, პოლიტიკური და სხვა ორგანიზაციებისა  და მოძრაობებისაგან დამოუკიდებლად, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და მათ კონტროლს არ ექვემდებარება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავისი მოქმედების სფეროებს და სტრუქტურებს, მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების შექმნისა და ლიკვიდაციის წესებს.

1.5. პროფესიულ კავშირს აქვს მრგვალი ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ეწევა არაკომერციულ/კომერციულ საქმიანობას, განაგებს საკუთარ ბიუჯეტს, საჭიროების შემთხვევაში ქმნის   სოლიდარობისა და დახმარების ფონდებს.

1.6. პროფესიული კავშირი მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფკავშირის წევრთა კეთილდღეობას, სოციალური სამართლიანობის დამყარებას, სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებას,  დემოკრატიის შემდგომ განვითარებას.

1.7.  თავისი წევრების ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის მიზნით პროფესიული კავშირი შეიძლება თანასწორუფლებიანობის საფუძველზე გაერთიანდეს საქართველოსა და პროფესიული კავშირების/შრომის საერთაშორისო  გაერთიანებებში/ორგანიზაციებში.

1.8. პროფესიული კავშირის იურიდიულიმისამართია: საქართველო, ქ.თბილისი,  ვაჟა-ფშაველას 1 შეს. 1/ 43;

1.9. პროფესიული კავშირის ელექტრონული ფოსტის მისამართია: [email protected]

მუხლი N2

პროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზნები

  2.1.პროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

– პროფკავშირის წევრთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

– ზრუნვა თავისუფალი მეწარმეობის განვითარებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების გაუმჯობესებისათვის, სოციალური პარტნიორობის სისტემის საფუძველზე მშრომელთა და მეწარმეთა ინტერესების შეხამება;

– ბრძოლა სამუშაო ადგილების გაუმართლებელი ლიკვიდაციის წინააღმდეგ, შრომის უსაფრთხო პირობების შექმნისათვის, სამუშაო დროის შემცირებისა და  შრომის ანაზღაურების გაზრდისათვის, ზრუნვა თავის წევრთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე, დასვენებასა და მომსახურებაზე, მათთვის იურიდიული დახმარების გაწევა;

– სოციალური პარტნიორობის სისტემის ამოქმედება, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება, კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება;

– მონაწილეობის მიღება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების წინასწარ განხილვაში;

– კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება დამსაქმებელთა წარმომადგენლებთან და ურთიერთშეთანხმების  საფუძველზე კოლექტიური ხელშეკრულებების და შეთანხმებების დადება;

2.2.  პროფესიული კავშირი მონაწილეობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, თანამშრომლობს საქართველოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2.3. თავის საქმიანობაში პროფესიული კავშირი ეყრდნობა წევრების, მათ შორის წევრი ორგანიზაციების კოლექტიურობას, მოქმედების ერთიანობისა და სოლიდარობის პრინციპებს. ამ შემთხვევაში, როცა ილახება წევრთა უფლებები და ინტერესები, იგი მიმართავს პროტესტის სანქცირებულ ფორმებს მიტინგებს, დემონსტრაციებს, მსვლელობებს და ზემოქმედების უკიდურეს ზომას – გაფიცვას, რისთვისაც წინასწარ ქმნის საგაფიცვო კომიტეტს და საგაფიცვო ფონდს.

2.4. პროფესიული კავშირი იყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

2.5.  პროფესიული კავშირი მოქმედებს  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.                                   

2.6. პროფესიული კავშირის  სამუშაო  ენაა  ქართული.

მუხლი N3

პროფესიული კავშირის წევრი, მისი უფლება-მოვალეობანი

3.1. პროფესიული კავშირის წევრი შეიძლება გახდეს დარგის სფეროში  მომუშავე ან დროებით უმუშევარი პირი, პენსიონერი, ამავე დარგობრივი პროფესიის მოსწავლე-ახალგაზრდა, რომელიც ცნობს პროფესიული კავშირის წესდებას, ასრულებს პროფესიული კავშირის ორგანოს გადაწყვეტილებებს და იხდის ყოველთვიურ საწევრო შესატანს.

3.2. პროფკავშირის წევრს ეძლევა დადგენილი ნიმუშის პროფკავშირის წევრის მოწმობა.

3.3. პროფესიული კავშირში წევრად მიღება ან/და კავშირიდან გასვლა/გარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური წესით – პროფესიული კავშირის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

3.4. პროფესიული კავშირის წევრს უფლება აქვს: აირჩიოს და არჩეულ იქნას პროფესიული კავშირის ნებისმიერ ორგანოში; მონაწილეობა მიიღოს პროფესიული კავშირის მუშაობაში; მოითხოვოს დახმარება და მისი ინტერესების დაცვა/წარმოდგენა იურრიდიულ (მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ) პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან  ურთიერთობაში – სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით; გავიდეს პროფესიული კავშირიდან პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3.5.  პროფესიული კავშირის წევრი ვალდებულია:

– პროფესიული კავშირის პრეზიდენტის გამგეობის ან/და კრების მიერ დადგენილი/განსაზღვრული მოთხოვნები/დადგენილებები/განკარგულებები/მითითებანი;

– მონაწილეობდეს პროფესიული კავშირის კრებების (კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების)  მუშაობაში;

– ასრულებდეს  კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

– დროულად იხდიდეს  პროფესიული კავშირის საწევროს დადგენილი/განსაზღვრული ოდენობით;

– დაიცვას პროფესიული კავშირის საქმიანობის კონფიდენციალობა.

3.6. პროფესიული კავშირის წევრი შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის შეიძლება დაჯილდოვდეს პროფკავშირის სიგელით, ფულადი პრემიით, ფასიანი საჩუქრით, აგრეთვე რეკომენდაცია გაეწიოს სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად.

3.7. პროფესიული კავშირის პრეზიდენტის გამგეობის ან/და კრების მიერ დადგენილი/განსაზღვრული მოთხოვნების/დადგენილებების/განკარგულებების/მითითებების შეუსრულებლობისათვის პროფესიული კავშირის წევრის მიმართ პროფესიული კავშირის  პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი დისციპლინარული ზომები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, პროფესიული კავშირიდან გარიცხვა. ამასთან, გარიცხული პირი შეიძლება კვლავ იქნეს მიღებული წევრად, საერთო წესით, გარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ, თუ პრეზიდენტი არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

მუხლი N4

პროფესიული კავშირის სტრუქტურა

4.1. პროფესიული კავშირის ორგანიზაციული აგებულების და საქმიანობის საფუძველია: ხელმძღვანელი პროფკავშირული ორგანოს არჩევითობა ქვევიდან ზევით, კოლექტიურობა და უმცირესობის აზრის გათვალისწინება, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დადგენილებათა შესრულებისათვის პირადი პასუხისმგებლობა.

4.2. პროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს: ურთიერთპატივისცემა, თანასწორუფლებიანობა და სოლიდარობა.

4.3. პროფესიული კავშირის სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს პროფესიული კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფი (პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია), რომელიც იქმნება დარგის საწარმოო ან ტერიტორიული ნიშნის /პრინციპის/ მიხედვით.

4.4. პროფესიული კავშირის სტრუქტურული მოწყობის საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კავშირის პრეზიდენტი.

4.5. პროფესიული კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფები/ტერიტორიული ორგანოები/ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს.  მათი მიზანი და ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის მაშტაბით პროფესიული კავშირის გაძლიერება და მხარდაჭერა.  სტრუქტურული ქვედანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების მართვის და საქმიანობის წესი რეგულირდება პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების/პირველადი პროფკავშირული ორგანისაზციის საქმიანობის შესახებ”  საფუძველზე;

4.6. პროფესიული კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფები/ტერიტორიული ორგანოები/ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები ანგარიშვალდებულნი არიან პრეზიდენტის წინაშე.

მუხლი N5

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

5.1. პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს  პროფესიული კავშირის პრეზიდენტი.

5.2. პროფესიული კავშირის პრეზიდენტი აირჩევა ყრილობის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით.

5.3. პროფესიული კავშირის პრეზიდენტი:

–  წარმართავს და ხელმძღვანელობს პროფესიული კავშირის საქმიანობას;

– წარმართავს  პროფესიული კავშირის გამგეობის საქმიანობას, ხელმძღვანელობს მის სხდომებს და ხელს აწერს მის დოკუმენტებს;

– თავმჯდომარეობს პროფესიული კავშირის ყრილობებს, გამგეობის სხდომებს და  ხელს აწერს მათ დოკუმენტებს;

–  წარმოადგენს პროფესიული კავშირის  მესამე პირებთან ურთიერთობის დროს;

– ზედამხედველობს პროფკავშირის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;

– იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრირებული მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ;

– ხელს აწერს სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციას, მათ შორის ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს, ახალ წესდებას, ცვლილებებს წესდებაში, დადგენილებებს, ოქმებს, განკარგულებებს, ბრძანებებს, სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ან/და სადამფუძნებლო შეთანხმებას, ცვლილების რეგისტრაციას, გარდაქმნას, გაერთიანებას, გაყოფას და აშ;

–  განკარგავს ქონებას ან/და ფულად სახსრებს;

– ამტკიცებს პროფესიული კავშირის საშტატო განრიგს/ნუსხას, აწარმოებს კადრების შერჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს), გამოსცემს განკარგულებებს/ ბრძანებებს, იღებს და ამტკიცებს დებულებებს, ასევე შეაქვს მასში ცვლილებები;

– იწვევს და წარმართავს მიმდინარე და რიგგარეშე ყრილობებს ან/და გამგეობის სხდომებს;

– მიმართავს გამგეობას წარდგინებით ვიცე-პრეზიდენტის/ების ან/და გენერალური მდივნის არჩევა/განთავისუფლებასთან დაკავშირებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიული ორგანოების/სტრუქტურული ერთეულების თავმჯდომარეები თანამდებობრივად მიიჩნევიან პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტის/ების საზოგადოებრივ საწყისებზე. ვიცე-პრეზიდენტის/ების და გენერალური მდივნის  ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;

– ასრულებს ამ წესდებით და კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5.4. პროფესიული კავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების შემთხვევაში, გამგეობა ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (გადადომის/გადაყენების დღიდან) წერილობით შეტყობინების ფოსტის, ელ.ფოსტის საშუალებით გაგზავნის ან შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების გზით მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ირჩევს ახალ პრეზიდენტს.

5.5. პროფესიული კავშირის პრეზიდენტის გადადგომის/გადაყენების ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – პრეზიდენტის მოვალეობას გამგეობის გადაწყვეტილებით ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ასრულებს ვიცე-პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი;

5.6. პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის/ების და გენერალური მდივნის უფლებამოსილება გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე;

5.7. პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი/ები და გენერალური მდივანი – პრეზიდენტის დავალებით ხელმძღვანელობს  პროფესიული კავშირის საქმიანობის ცალკეულ, ძირითად მიმართულებებს და ანგარიშვალდებულია პროფესიული კავშირის პრეზიდენტის  და გამგეობის  წინაშე. ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პროფესიული კავშირის პრეზიდენტის ან გამგეობის განკარგულებით/დადგენილებით შეიძლება  ვიცე-პრეზიდენტს/ებს და გენერალურ მდივანს შეუჩერდეს/შეუწყდეს ან აღუდგეს  უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს პრეზიდენტი ან გამგეობა გამგეობის სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით.

5.8. პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ანგარიშვალდებულია პროფესიული კავშირის ყრილობისა და გამგეობის წინაშე;

5.9. პროფესიული კავშირის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან პროფესიული კავშირის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისთვის შეუძლია ყრილობას ხმათა უმრავლესობით ან გამგეობას სრული შემადგენლობის ხმათა 2/3.

5.10. პროფესიული კავშირის პრეზიდენტს ჰყავს ვიცე-პრეზიდენტი/ები, რომელსაც/ებსაც პროფესიული კავშირის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობა. პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი/ები და გენერალური მდივანი შესაძლოა დაინიშნოს, როგორ პროფესიული კავშირის წევრი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი. პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტის/ების და გენერალური მდივნის დანიშვნა/განთავისუფლება არ საჭიროებს რეგისტრაციას სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.

მუხლი N6

პროფესიული კავშირის  კოლეგიური ორგანოები

6.1. პროფესიული კავშირის  კოლეგიური ორგანოებია:         

– პროფესიული კავშირის   ყრილობა;

–  პროფესიული კავშირის  გამგეობა;

– პროფესიული კავშირის  საკონტროლო-სარევიზიო კომისია.

6.2.  პროფესიული კავშირის  უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა (წევრთა საერთო კრება) – (შემდგომ ტექსტში – ყრილობა), რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ.

6.3. პროფესიული კავშირის  ყრილობის კომპეტენციაა:

– პროფესიული კავშირის პრეზიდენტის არჩევა;

– არჩეული პრეზიდენტის წარდგინებით გამგეობის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის 4 წლის უფლებამოსილების ვადით არჩევა;

–  პროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამოქმედო პროგრამების განსაზღვრა;

– პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, გამგეობის და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა;

– პროფესიული კავშირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

6.4. პროფესიული კავშირის რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას:

– პროფესიული კავშირის  პრეზიდენტის მიერ;

– პროფესიული კავშირის  გამგეობის წევრთა 1/3-ს მოთხოვნით;

 – პროფესიული კავშირის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელთა  წევრთა ჯამური რაოდენობა აღემატება პროფესიული კავშირის  წევრთა მთლიანი ოდენობის 40%-ს;

– წინამდებარე წესდებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში;

6.5. პროფესიული კავშირის რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას აქვს იგივე უფლებამოსილობები, რაც მორიგ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას.

6.6. პროფესიული კავშირის ყრილობის (მათ შორის რიგგარეშე) ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ წერილობით (შეტყობინების ფოსტის, ელ.ფოსტის საშუალებით გაგზავნის ან შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების გზით) უნდა ეცნობოს პროფესიული კავშირის წევრებს ყრილობამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა;

6.7. პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი/ები, გენერალური მდივანი და გამგეობის წევრები თანამდებობით ავტომატურად არიან მორიგი ყრილობის დელეგატები.

6.8. პროფესიული კავშირის ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას უშუალოდ ან/და დისტანციურად ესწრება პროფკავშირის დელეგატთა სიითი შემადგენლობის წევრთა ნახევარზე მეტი.

6.9. პროფესიული კავშირის ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომლის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ. რიგგარეშე ყრილობის ან/და გამგეობის სხდომა მოიწვევა გამგეობის წევრების 1/3 მოთხოვნით ან პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის/ების ან გენერალური მდივნის ინიციატივით (პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მიერ) წერილობითი შეტყობინების ფოსტის, ელ.ფოსტის საშუალებით გაგზავნის, პირადად ჩაბარების ან შეტყობინების საჯარო გამოქვეყნებით რიგგარეშე სხდომამდე  გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა;

6.10. პროფესიული კავშირის ყრილობის ან/და გამგეობის გადაწყვეტილებები მიიღება უშუალოდ ან/და დისტანციურად დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

6.11. პროფესიული კავშირის გამგეობა:

– იღებს გადაწყვეტილებას პროფკავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებისა და გამგეობის წევრებად ასარჩევ კანდიდატურების, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების პირთა შესახებ;

–  განსაზღვრავს ყრილობის მოწვევის თარიღს, ჩატარების ადგილსა და დღის წესრიგს;

– უზრუნველყოფს საწესდებო მიზნების განხორციელების მიზნით ყრილობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

 – ამტკიცებს ყრილობის დებულებას/ებს, დადგენილებას/ებს და ყრილობის ოქმს;

– იხილავს საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებს;

– იღებს გადაწყვეტილებებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

–  ყრილობამდე ერთი თვით ადრე განსაზღვრავს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში პროფესიული კავშირის ყრილობის დელეგატთა არჩევნების დაწყებისა და დამთავრების ვადებს;

– იღებს გადაწყეტილებას დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის შესახებ;

–  განსაზღვრავს პროფესიული კავშირის საფინანსო პოლიტიკას და დასამტკიცებლად პრეზიდენტს წარუდგენს პროფკავშირის ბიუჯეტს;

–  იღებს გადაწყვეტილებებს ახალი წესდების მიღების, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

–  ყრილობამდე 3 დღით ადრე განსაზღვრავს პროფესიული კავშირის ყრილობის მოწვევის, ჩატარების თარიღს, ადგილისა და დღის წესრიგს;

– პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლბს ვიცე-პრეზიდენტს/ებს და გენერალური მდივნს, ასევე შეუჩერებს მათ უფლებამოსილებებს;

6.12.  პროფესიული კავშირის გამგეობა შედგება 9 წევრისაგან, რომლის შემადგენლობას 4 წლის ვადით ირჩევს პროფესიული კავშირის  საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.

6.13. პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს იმავდროულად პროფესიული კავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი.

6.14. პროფესიული კავშირის  გამგეობის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.

6.15. პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომები იმართება უშუალოდ ან/დისტანციურად საჭიროებისამებრ.

6.16. პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომებს ხელმძღვანელობს და წარმართავს  პროფესიული კავშირის  პრეზიდენტი ან პრეზიდენტის დავალებით ვიცე-პრეზიდენტი;

6.17. პროფესიული კავშირის გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

– პროფესიული კავშირის პრეზიდენტის ან/და ვიცე-პრეზიდენტის ან გენერალური მდივნის მიერ (პროფესიული კავშირის  პრეზიდენტის დავალებისამებრ);

– პროფესიული კავშირის გამგეობის წევრთა 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე.

6.18. პროფესიული კავშირის  გამგეობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6.19. პროფესიული კავშირის გამგეობის დადგენილება მიიღება სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობით. პროფესიული კავშირის გამგეობის დადგენილებას ხელს აწერს პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი (პროფესიული კავშირის  პრეზიდენტის დავალებისამებრ);

6.20.  რიგგარეშე სხდომა მოიწვევა წერილობითი შეტყობინების ფოსტის, ელ.ფოსტის საშუალებით გაგზავნის ან შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების რიგგარეშე სხდომამდე  გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა.

 

6.21. პროფესიული კავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისია:

6.21.1. პროფესიული კავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავვმჯდომარეს და კომისიის წევრებს (ჯამში 3 პირის შემადგენლობით თავმჯდომარის ჩათვლით) პროფესიული კავშირის პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პროფესიული კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ან რიგარეშე ყრილობა 4 წლის ვადით;

6.21.2. კონტროლს უწევს პროფესიული კავშირის სახსრების მიზნობრივ ხარჯვას, ბიუჯეტის შესრულებას, საწევრო ანარიცხების დროულ გადმორიცხვას და ყრილობისა და გამგეობის გადაწყვეტილებების შესრულებას;

6.21.3. ანგარიშვალდებულია  პროფესიული კავშირის ყრილობის, პრეზიდენტის და და გამგეობის წინაშე.

მუხლი N7

პროფესიული კავშირის სახსრები და ქონება

7.1. პროფესიული კავშირის ფლობს და დამოუკიდებლად განაგებს მის საკუთრებაში მყოფ ქონებას (შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სხვა უძრავი და მოძრავი ქონება) და ფულად სახსრებს, რომლებიც აუცილებელია საწესდებო მიზნების შესასრულებლად.

7.2.  პროფესიული კავშირის ფულადი სახსრები იქმნება ყოველთვიური საწევრო შესატანებით, კანონით ნებადართულ საწარმოო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით, საწარმოს მოგებიდან კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული სახსრებით, ნებაყოფლობითი პირადი და კოლექტიური შემოწირულობებით, პროფკავშირის საკუთრებაში რიცხული დასასვენებელი თუ სხვა ობიექტების შემოსავლებით, ან არარენტაბელური ობიექტების გაყიდვიდან მიღებული სახსრებით.

7.3. პრეზიდენტი ბიუჯეტის ფარგლებში ამტკიცებს სახელფასო ფონდს.

7.4. ყოველთვიური საწევროს შენატანი პროფესიული კავშირის წევრისათვის განისაზღვრება თვიური გამომუშავების არანაკლებ ერთი პროცენტის ოდენობით.

7.5. პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად პროფესიული კავშირის ქონება და სახსრები გამოიყენება საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.

მუხლი N8

პროფესიული კავშირის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და საქმიანობის შეჩერება

8.1.  პროფესიული კავშირის  რეორგანიზაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით  

8.2. პროფესიული კავშირის ლიკვიდაცია ხდება:

ა) პროფესიული კავშირის  ყრილობის გადაწყვეტილებით;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ კანონის ან საკუთარი წესდების დარღვევისას, ან კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობის გამო, მარეგისტრირებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

8.3. პროფესიული კავშირის, საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

მუხლი N9

პროფესიული კავშირის პრეზიდენტის და გამგეობის წევრთა ხელმოწერები

 

ლავრენტი ალანია, პ/ნ 35001026015 (პრეზიდენტი/გამგეობის თავმჯდომარე

/წევრი) ___________________;

მამუკა ნიკოლაიშვილი, პ/ნ 01009020850 (გამგეობის წევრი)          ___________________;

დავით რობაქიძე, პ/ნ41001025672 (გამგეობის წევრი)                      ___________________;

თენგიზ ქუთათელაძე, პ/ნ  01005030158 (გამგეობის წევრი)             ___________________;

თამთა მუზაშვილი, პ/ნ 62004026970 (გამგეობის წევრი)                     ___________________;

 სიმონ სიხარულიძე, პ/ნ 61002010998 (გამგეობის წევრი)                     ___________________;

რაულ ბუკია, პ/ნ 58001001222 (გამგეობის წევრი)                                    ___________________;

ეკატერინე კიკალიშვილი პ/ნ 19001009778 (გამგეობის წევრი)              ___________________;

 მარინე მელქაძე, პ/ნ 01021016644 (გამგეობის წევრი)                               ___________________.