დამტკიცებულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა
პროფესიული კავშირის გამგეობის მიერ 2023 წლის 28 ოქტომბერს
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის
პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის
დებულება
ზოგადი დებულებები
I.1. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის (შემდგომში –
„პროფესიული კავშირი“) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია იქმნება დარგის
პროფესიული კავშირის წესდების შესაბამისად და წარმოადგენს პროფესიული კავშირის
ორგანიზაციული წყობის საფუძველს.
I.2. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია იქმნება პროფესიული კავშირის საწესდებო
მოთხოვნებით, საპროგრამო ამოცანებს გადაწყვეტილებების განხორციელების, პროფესიული
კავშირის წევრთა უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით.
I.3. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია იქმნება ტრანსპორტისა და გზების სისტემაში
შემავალ ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, თუ მასში მუშაობს არანაკლებ ხუთი პროფესიული
კავშირის წევრი.
I.4. დარგის ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, რომელშიც არ არის შექმნილი პროფკავშირული
ორგანიზაცია, პროფესიული კავშირის რიგებში მიღებას აწარმოებს პროფესიული კავშირის
კოლეგიური ორგანო – გამგეობა და პროფესიული კავშირის რიგებში ხუთი წევრის
მიღებისთანავე იღებს დადგენილებას პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის
დასაფუძნებლად პროფკავშირული კრების მოწვევის და არჩევნების ჩატარების თაობაზე.
I.5. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნების თაობაზე დადგენილებას იღებს
პროფკავშირული კრება.
I.6. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია (შემდგომში – „პროფორგანიზაცია“) „პროფესიული
კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად
სასამართლო ორგანოებში რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
I.7. პირველადი პროფორგანიზაცია არ არის ანგარიშვალდებული ხელისუფლების, ადგილობრივი
მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა
გაერთიანების წინაშე, არ ექვემდებარება მათ კონტროლს.
I.8. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია შიდა ორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებს
წყვეტს პროფესიული კავშირის წესდებით, პროფესიული კავშირის კოლეგიური ორგანოების
დადგენილებებით და ამ დებულებებით მონიჭებული უფლებების ფარგლებში.
I.9. პირველადი პროფორგანიზაციის სამუშაო ენაა ქართული.
II. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები
II.1. პირველადი პროფორგანიზაციის ძირითადი მიზნები:
ა) პირველადი პროფესიული კავშირის წევრთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-
ეკონომიკური, სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებების დაცვა და ინტერესთა
წარმომადგენლობა.
ბ) სისტემური და თანმიმდევრული ზრუნვა პროფესიული კავშირის წევრთა ცხოვრების დონის
ამაღლების, შრომის სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის, შრომისა და
ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის.
გ) პირველადი პროფესიული კავშირის წევრთა ინტერესების წარდგენა და დაცვა
დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებაში, მათთან სოციალური პარტნიორობის
განმტკიცება.
დ) პირველადი პროფესიული კავშირის წევრთა კონსოლიდაცია და საქმიანობის კოორდინაცია,
პროფკავშირული სოლიდარობის განმტკიცება.
ე) დარგის საწესდებო და საპროგრამო ამოცანების განხორციელება.
II.2. პირველადი პროფორგანიზაციის ძირითადი ამოცანები:
ა) პროფესიული კავშირის წევრებისთვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების,
გარანტიებისა და შეღავათების სრული რეალიზება, მათი გაუმჯობესება დამსაქმებელთან,
დამსაქმებელთა გაერთიანებასთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების
საფუძველზე.
ბ) კოლექტიური ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების
უზრუნველყოფა, შრომის ანაზღაურების ნორმების დადგენაში, შრომის ანაზღაურების,
მატერიალური წახალისებების ფორმების, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების
განსაზღვრაში მონაწილეობა.
გ) დამსაქმებლის წინაშე იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებიც
რეაგირებას არ ახდენენ პროფორგანიზაციის კანონიერ მოთხოვნებზე და წინადადებებზე.
დ) მონაწილეობა დაწესებულებების, ორგანიზაციის მართვის კოლეგიურ ორგანიზაციაში,
დამსაქმებლის მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გამოსაცემი ბრძანებების,
განკარგულებების პროექტების წინასწარ განხილვაში, ალტერნატიული წინადადებების
შემუშავებაში.
ე) დარგის წესდებით და ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების
განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება და მათი გავრცელება
ადგილობრივი ინფორმაციის საშუალებით.
ვ) ზრუნვა განთავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვისთვის.
ზ) კონტროლი დარგში მოქმედი კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობაზე, გამოვლენილი
დარღვევების თაობაზე დამსაქმებელთა ინფორმირება, ზრუნვა მათი აღმოფხვრისთვის,
კოლექტიური და ინდივიდუალური დავის მოწესრიგება.
III. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წევრების უფლება-მოვალეობები
III.1. პირველადი პროფორგანიზაციის წევრებს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში კრებებზე, კონფერენციებზე, გამოთქვან
თავიანთი აზრი, შეიტანონ წინადადებები, გააკრიტიკონ პროფკავშირული ორგანო, ცალკეული
ხელმძღვანელი მუშაკები, დამსაქმებლები.
ბ) აირჩიონ, წარადგინონ თავიანთი კანდიდატურა და არჩეულ იქნან პროფორგანიზაციის
ხელმძღვანელ, კოლეგიურ ორგანოში.
გ) თავიანთი წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ პროფორგანიზაციის
კოლეგიური ორგანოების მუშაობაში გადამწყვეტი ხმის უფლებით.
დ) მიმართონ პროფორგანიზაციის კოლეგიურ ორგანოს შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური,
პროფესიული, სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად,
მოითხოვონ მისგან მხარდაჭერა და სოლიდარობა.
ე) მიიღონ პროფორგანიზაციის მიერ დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დამატებითი შეღავათები და კომპენსაციები.
ვ) ისარგებლონ პროფორგანიზაციის სახსრებით, ქონებით, გახდნენ პროფორგანიზაციის მიერ
შექმნილი ფონდის წევრები.
III.2. პირველადი პროფკავშირის წევრები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან დარგის პროფესიული კავშირის წესდებით, ამ დებულებით და კოლეგიური
ორგანოების დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ბ) შეასრულონ პროფორგანიზაციის და პროფესიული კავშირის ყველა დონის არჩევითი
პროფკავშირული ორგანოების დადგენილებები, გადაწყვეტილებები და დავალებები.
გ) განამტკიცონ პროფორგანიზაციის საქმიანობა.
დ) დაიცვან კოლექტიური ხელშეკრულების პირობები, გადაიხადონ საწევრო გადასახადი.
ე) მონაწილეობა მიიღონ პროფორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში.
ვ) არ განახორციელონ ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის პროფორგანიზაციის საქმიანობას და
სახელს გაუტეხს მას.
IV. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები, სტრუქტურა და
ხელმძღვანელი ორგანოები
IV.1. პირველადი პროფორგანიზაცია თავის საქმიანობას აგებს და წარმართავს შემდეგი
პრინციპების საფუძველზე:
ა) პირველადი პროფორგანიზაციის კრების, კოლექტიური ორგანოს მუშაობის საჯაროობა.
ბ) პირველადი პროფკავშირული ორგანოს არჩევითობა, ჩამოყალიბება ქვემოდან ზემოთ,
პირდაპირი არჩევითობის ან დელეგირების წესით.
გ) პირველადი პროფორგანიზაციის კრების, პროფორგანოს მუშაობაში კოლეგიალობა,
უმცირესობის აზრის პატივისცემა, საკითხის განხილვისას აზრთა პლურალიზმი, დისკუსიის
თავისუფლება, ხოლო დადგენილების მიღების შემდეგ მისი უთუო შესრულება და
პერსონალური პასუხისმგებლობა.
დ) ზემდგომი პროფკავშირული ორგანოების დადგენილების სავალდებულოობა
პროფორგანიზაციისთვის და პროფკავშირის წევრებისთვის.
ე) დადგენილების მიღებისას მოქმედი კანონმდებლობის, დარგის წესდების და ამ დებულების
მოთხოვნების უზენაესობა.
IV.2. პირველადი პროფორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელიც
მოიწვევა ყოველწლიურად. საანგარიშო-საარჩევნო კრება ან კონფერენცია ტარდება ორ
წელიწადში ერთხელ, სადაც აღრიცხვაზეა 5 პროფკავშირის წევრზე მეტი და ყოველწლიურად,
სადაც აღრიცხვაზეა 15 პროფკავშირის წევრზე ნაკლები.
IV.3. პირველადი პროფორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კრება ირჩევს:
ა) პროფორგანიზაციას ან პროფჯგუფორგს, სადაც აღრიცხვაზეა 15 პროფკავშირის წევრზე
ნაკლები.
ბ) პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში პროფკავშირის კომიტეტს (პროფკომიტეტს),
სადაც აღრიცხვაზეა 5 პროფკავშირის წევრზე მეტი.
IV.4. საანგარიშო-საარჩევნო კრება:
ა) ისმენს პირველადი პროფკავშირის კომიტეტის ან პროფკავშირული ორგანიზაციის ანგარიშს
გაწეული მუშაობის შესახებ და აფასებს მას.
ბ) საწესდებო მოთხოვნების შესაბამისად, ღებულობს სამოქმედო პროგრამას და განსაზღვრავს
პროფკავშირული ორგანიზაციის და პროფკავშირის კომიტეტის საქმიანობის ძირითად
მიმართულებებს.
გ) განსაზღვრავს არჩევნების ფორმას (დახურული, ღია) და არჩევნების ჩატარების წესს.
დ) ირჩევს პირველადი პროფორგანიზაციის კომიტეტს და კომიტეტის შემადგენლობიდან
ირჩევს პირველადი პროფორგანიზაციის თავმჯდომარეს.
ე) ირჩევს დაწესებული წარმომადგენლობის ნორმების შესაბამისად ზემდგომი ორგანიზაციების
(ყრილობის) დელეგატებს.
IV.5. პირველადი პროფკავშირის კომიტეტი, პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე
თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია იმ ორგანოს წინაშე, ვის მიერაც არის არჩეული.
IV.6. პირველად პროფორგანიზაციაში, მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში კრება ტარდება
საჭიროების მიხედვით, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც, ხოლო პროფკავშირის კომიტეტის
(პროფბიუროს) სხდომები საჭიროების მიხედვით, მაგრამ ორ თვეში ერთხელ მაინც.
IV.7. პროფკავშირის კომიტეტი:
ა) წარმართავს პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობას საანგარიშო-საარჩევნო კრებებსა და
კონფერენციებს შორის პერიოდში.
ბ) იცავს პროფესიული კავშირის წევრთა უფლებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებში.
გ) აწარმოებს კოლექტიურ მოლაპარაკებებს დამსაქმებელთან, შეიმუშავებს და დებს მასთან
კოლექტიურ ხელშეკრულებას და იღვწის მისი შესრულებისათვის.
დ) ახორციელებს საზოგადოებრივ კონტროლს შრომის კანონმდებლობის, შრომისა და
ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში კანონმდებლობით
დადგენილი გარანტიების შესრულებაზე.
ე) ისმენს დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის ინფორმაციებს
შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე.
ვ) ახორციელებს პროფესიული კავშირის წევრთა აღრიცხვას, ამტკიცებს პროფკავშირული
ორგანიზაციის სტრუქტურას და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არჩევნების ჩატარების
ვადებსა და წესებს.
ზ) ასრულებს დარგის წესდებით, ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
IV.8. პროფორგანიზაციის (პროფკავშირის კომიტეტის) თავმჯდომარე:
ა) წარმართავს პროფორგანიზაციის და პროფკომიტეტის საქმიანობას.
ბ) პროფორგანიზაციის სახელით ახორციელებს საქმიანობას, წარმოადგენს პროფორგანიზაციას,
პროფკავშირის წევრებს, დამსაქმებელთან და სხვა ორგანოებთან.
გ) პერსონალურად აგებს პასუხს ზემდგომი პროფკავშირული ორგანოების დადგენილებების
შესრულებაზე.
დ) განკარგავს პროფკავშირული ორგანიზაციის ქონებას და სახსრებს.
ე) წარმართავს პროფკავშირის კომიტეტის საქმიანობას და ხელმძღვანელობს საანგარიშო-
საარჩევნო კრების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს კრების,
პროფკავშირის კომიტეტის და ზემდგომი პროფკავშირული ორგანოების გადაწყვეტილების
შესრულებაზე
ვ) ასრულებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის
წესდებით, ამ დებულებით და ზემდგომი პროფკავშირული ორგანოების დადგენილებით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
V. პროფკავშირული ორგანიზაციის ქონება და საფინანსო საქმიანობა
V.1. პროფორგანიზაციის სახსრებს წარმოადგენს პროფესიული კავშირის წევრთა საწევრო
შენატანები, შემოწირულობები და სხვა შემოსავლები.
V.2. პროფკავშირის ყველა წევრი ვალდებულია ყრილობის დადგენილებიდან გამომდინარე
გადაიხადოს მოცემული წესდებით განსაზღვრული განსაზღვრული საწევრო შესატანი
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის ყრილობის მიერ
დადგენილი თვიური ხელფასის 1%-ის ოდენობით.
V.3. ინდმეწარმის და საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური
გამომუშავების საწევრო გადასახადები განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროფკავშირის
წევრის განცხადების საფუძველზე, გამგეობის გადაწყვეტილებით.
V.4. ადმინისტრაცია პროფკავშირის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საქართველოს
ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხავს
პროფკავშირის საწევრო გადასახადს ადმინისტრაციის ბუღალტერიის საშუალებით
პროფკავშირის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად, ან ამავე ბუღალტერიის
საშუალებით საწევრო ანარიცხებს ჩარიცხავს თავისივე პირველადი პროფკავშირული
ორგანიზაციის ანგარიშზე, ხოლო შემდგომში მისი თავმჯდომარე შესაბამის თანხას
გადარიცხავს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის
ანგარიშზე. დარჩენილ თანხებს განკარგავს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისთვის
თვითონ და წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს
ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირების გამგეობას და მის საფინანსო
სამსახურს.
VI. პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა
VI.1. პირველადი პროფორგანიზაციის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს პროფესიული კავშირის
ზემდგომი კოლეგიური ორგანოების დადგენილებით, თუ პროფკავშირის წევრთა რაოდენობამ
შეადგინა ხუთზე ნაკლები ან დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის, რეორგანიზაციის
(შერწყმის, შეერთების) ან ლიკვიდაციის შედეგად.
VI.2. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის შედეგად
დარჩენილი ქონება გადაეცემა დარგის პროფესიულ კავშირს.
